სიახლეები

თამარ სანიკიძე სსსმ პირების პროფესიულ ტესტირებას დაესწრო

8 ოქტომბერი, 2015
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე პროფესიულ კოლეჯ „მერმისში“ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირების პროფესიულ ტესტირებას დაესწრო და მომავალ სტუდენტებს წარმატება უსურვა.

პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. 2013 წლის შემოდგომის მიღებიდან დღემდე, პროფესიულ სასწავლებლებში სულ 246 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტია ჩარიცხული. 2012 წელს მათი რიცხვი მხოლოდ 22 იყო, 2014 წლის შემოდგომაზე კი პროფესიულ სასწავლებლებში 109 სტუდენტი დარეგისტრირდა.

პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის მსურველად წელს 204 აპლიკანტი დარეგისტრირდა. აქედან 185 ალტერნატიულ პროფესიულ ტესტირებას გაივლის და სხვადასხვა დაწესებულებაში ჩაირიცხება.

მნიშვნელოვანია, რომ 2013 წელს, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების სტუდენტები მხოლოდ ექვს პროფესიულ დაწესებულებაში ირიცხებოდნენ, წლევანდელ მიღებაზე კი, აპლიკანტები 22 დაწესებულებაში 50-მდე საგანმანათლებლო პროგრამაზე დარეგისტრირდნენ.

აღსანიშნავია ისიც, რომ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში მიმდინარეობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირების უზრუნველყოფა სწავლებისათვის საჭირო დამატებითი სპეციალისტების (ინკლუზიური განათლების სპეციალისტი, ჟესტური ენის თარჯიმანი, მობილობისა და ორიენტაციის ტრენერი, პირადი ასისტენტი და სხვა) მომსახურებით და სხვადასხვა მატერიალური რესურსებით. მიმდინარეობს ასევე პროფესიული სასწავლებლების ადაპტირება უნივერსალური დიზაინის პრინციპების მიხედვით.

პროექტს „ინკლუზიური განათლების დანერგვა საქართველოს პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემაში“ 2013 წლიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს. აღნიშნული ინიციატივის მიზანია პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების/შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და სასწავლო პროცესის მათი ინდივიდუალური შესაძლებლობების, ინტერესებისა და საჭიროებების შესაბამისად წარმართვა.
 
შეხვედრის ამსახველი ვიდეო მასალა
 
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
222324
25
262728
2930