ზოგადი განათლება

რა არის ინკლუზიური განათლება

ინკლუზიური განათლება არის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ჩართვა ზოგადსაგანმანათლებლო პროცესში თანატოლებთან ერთად.

 

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონეა მოსწავლე (შემდგომში - სსსმ მოსწავლე), რომელსაც თანატოლებთან შედარებით აქვს სიძნელე სწავლაში და რომლისთვისაც საჭიროა ეროვნული სასწავლო გეგმის ადაპტაცია, აკომოდაცია ან/და ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენა და განხორციელება. სსსმ მოსწავლე შეიძლება იყოს მოსწავლე, რომელსაც აქვს:

ა) ფიზიკური შეზღუდვა;

ბ) ინტელექტუალური განვითარების დარღვევა;

გ) სენსორული განვითარების დარღვევა (სმენის და/ან მხედველობის);

დ) მეტყველების განვითარების დარღვევა;

ე) ქცევითი და ემოციური დარღვევა;

ვ) გრძელვადიანი ჰოსპიტალიზაციის საჭიროება;

ზ) სოციალური ფაქტორებით გამოწვეული სირთულეები სწავლაში, რის გამოც ვერ ძლევს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს.

 

ინდივიდუალური სასწავლო გეგმა

ინდივიდუალური სასწავლო გეგმა არის სსსმ მოსწავლისათვის შექმნილი, ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაფუძნებული სასწავლო გეგმა, რომელიც  მაქსიმალურად უნდა ითვალისწინებდეს სსსმ მოსწავლის ყველა საგანმანათლებლო საჭიროებას და მისი დაკმაყოფილების გზებს, მოსწავლის ინტერესებსა და ინდივიდუალურ შესაძლებლობებს, რომლებიც აუცილებელია ინდივიდუალური სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად.  ინდივიდუალური სასწავლო გეგმა იქმნება მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში. ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენისა და განხორციელების პროცესში მნიშნელოვანია ჩართული იყოს სსსმ მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი და ითანამშრომლოს სკოლის გუნდთან.

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მულტიდისციპლინური გუნდი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინკლუზიური განათლების  მულტიდისციპლინური გუნდი ახორციელებს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სტატუსის მინიჭებისა და მოხსნის მიზნით პირის/მოსწავლის შეფასებას და ხელს უწყობს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ინკლუზიური განათლების განხორციელებას.

იმისთვის, რომ განხორციელდეს  საგანმანათლებლო საჭიროების დადგენა, პირის ან მოსწავლის შეფასების მოთხოვნით კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა შეავსოს მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „მიმართვის ფორმა“ ინკლუზიური განათლების სამმართველოსთან, რის შემდეგაც მოხდება მულტიდისციპლინური გუნდის მიერ შეფასება და წერილობითი დასკვნის შედგენა.

საქართველოს სკოლებში ინკლუზიური განათლების წარმატებული განხორციელების მიზნით, სკოლა ვალდებულია უზრუნველყოს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისთვის შესაბამისი საგანმანათლებლო გარემოს შექმნა და ინდივიდუალური  სასწავლო გეგმის და/ან ალტერნატიული სასწავლო გეგმის შესრულება, ხელი შეუწყოს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლებას ინკლუზიური განათლების საკითხებსა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შესაბამისი საჭიროებიდან გამომდინარე სპეციფიურ საკითხებში; დანერგოს ინკლუზიური განათლების კულტურა და იზრუნოს მის განვითარებაზე, შეასრულოს მულტიდისციპლინური გუნდის რეკომენდაციები სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების  მქონე  მოსწავლის სწავლის/სწავლების ხარისხის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით.

მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
11121314151617
18
19
2021222324
25262728293031