განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა

/res/images/images/2016061017164610343.jpg 

სასწავლო პროცესის მიღმა დარჩენილი ბავშვების მიმართ პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების  მიმართულებით 2013 წლიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და  გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ერთობლივი ინიციატივით დაიწყო  პროგრამის ,,განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა სასწავლო პროცესის მიღმა დარჩენილი ბავშვებისთვის საქართველოში“ განხორციელება.

პროგრამის მიზანია სხვადასხვა მიზეზით საგანმანათლებლო სივრცის მიღმა აღმოჩენილ ბავშვთა განათლების უფლების უზრუნველყოფა, სისტემური მიდგომებით ყველა ბავშვის ფორმალური განათლების სისტემაში ჩართვისა და მათი შესაძლებლობების  მაქსიმალური განვითარების ხელშეწყობა.

მნიშვნელოვანია, რომ სასკოლო ასაკის ყველა ბავშვი, მიუხედავად მისი სოციალური თუ ეკონომიკური სტატუსისა, ჩართული იყოს ხარისხიან ფორმალურ საგანმანათლებლო სისტემაში.

პროგრამის ფარგლებში გაწეული მუშაობა მიმართულია სკოლის მიღმა დარჩენილი იმ ბავშვების მონიტორინგის სისტემის შესაქმნელად, რომლებიც არასდროს  ჩარიცხულან სკოლაში, არ აქვთ საგანმანათლებლო ისტორია და მათზე მონაცემები არ არსებობს EMIS-ის საინფორმაციო ბაზაში.

რადგან არ არსებობს სხვადასხვა ორგანიზაციების მონაცემთა ბაზებში ასახული ინფორმაციის გაზიარების მექანიზმი, მუშაობა მიმდინარეობს მის შესაქმნელად.  დღეისთვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს ხელი არ მიუწვდებათ უკვე არსებულ ინფორმაციაზე პერსონალური მონაცემების დაცვის რეგულაციების გამო.

არ ხდება ერთიანი სტატისტიკური მონაცემების თავმოყრა და გაზიარება განათლების სისტემისთვის. შესაბამისად რთულია ინფორმაციის მოძიება სასწავლო პროცესის მიღმა დარჩენილი ბავშვების რაოდენობის, ასაკობრივი ჯგუფების, სოციალური მდგომარეობისა და სხვა სოციალურ-დემოგრაფიული საკითხების თაობაზე.  აქედან გამომდინარე, თითქმის შეუძლებელია სასწავლო პროცესისა და ფორმალური განათლების მიღმა დარჩენილი ბავშვების იდენტიფიცირება და კლასიფიცირება საგანმანათლებლო საჭიროებების მიხედვით, მათთვის საგანმანათლებლო სერვისების შემუშავებისა და მიწოდების მიზნით.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის(EMIS)  ბაზაში ასახულია მონაცემები, რომელიც შესაბამისობაშია სტატისტიკის ძირითად საერთაშორისო ინდიკატორებთან: შესაძლებელია განისაზღვროს მოსწალეთა განათლების დაწყებით ან საშუალო საფეხურზე ჩარიცხვის მაჩვენებელი  ასაკის მიხედვით, ბავშვებისა და მოზარდების რაოდენობა, რომელთაც სკოლა მიატოვეს და არჩარიცხულან განათლების არცერთი ფორმის დაწესებულებაში, მათშორის პროფესიული განათლების დაწესებულებაში დაა.შ 

პროგრამის ფარგლებში გაწეულმა მუშაობამ გამოავლინა მოწყვლადი  მიზნობრივი ბავშვთა ჯგუფების საგანმანათლებლო საჭიროებები, მათთვის ფორმალური განათლების ხელმისაწვდომობის, მზაობის და ხარისხის უზრუნველსაყოფად. სკოლის დღევანდელი შესაძლებლობების, ფორმალური განათლების მიღმა დარჩენილი ბავშვებისთვის დამახასიათებელი პრობლემების სპეციფიკურობის გათვალისწინებით, არსებობს ბარიერები  მათი ფორმალურ განათლებაში ინტეგრაციისთვის. განსაკუთრებით ისეთი ჯგუფისთვის, როგორიც ე.წ. ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები არიან (ამ უკანასკნელთა დიდი ნაწილი მიგრანტია მეზობელი სახელმწიფოებიდან). აუცილებელია სპეციალური საგანმანათლებლო სერვისების შემუშავება. ეს გულისხმობს სამიზნე ჯგუფებისთვის საგანმანათლებლო საჭიროებების შესაბამისი რეკომენდებული სერვისების მომზადებას, რომელიც დაეხმარება მათ და მისცემს მეორე შანსს  ჩაერთონ განათლების პროცესში და დაასრულონ ის. პირველ რიგში, საჭიროა  მოზარდებს ჩამოუყალიბდეთ სწავლის მოტივაცია. ამისთვის დაგეგმილია მუშაობა აკადემიური უნარების განვითარებისა და  სოციალური ადაპტაციის მიმართულებით,  ამ ჯგუფის ბავშვთა ინტერესების განვითარებისა და დაკმაყოფილებისთვის, მათი კულტურისა და ტრადიციების გათვალისწინებით.  

სენსიტიური ჯგუფებისთვის და განსაკუთრებით ე.წ. ,,ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვებისთვის“ დამახასიათებელი პრობლემების სამართავად დაიგეგმა საჯარო სკოლების გაძლიერების პროგრამა - პედაგოგების ტრენინგი და მშობელთა საინფორმაციო კამპანია.  აღნიშნული პროექტზე მუშაობისას გავითვალისწინეთ 2014 წელს ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელებული ,,მოწყვლადი ჯგუფების ბავშვთა სკოლაში ინტეგრაციის ხელისშემშლელ ფაქტორთა  კვლევის“  მონაცემები, რომელშიც გამოიკვეთა სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების სკოლაში ინტეგრაციის ბარიერები. პროგრამის მიზანია საჯარო სკოლის პედაგოგთა მომზადება ადრეული განთესვის რისკის მქონე მოსწავლეთა იდენტიფიკაციისთვის, ასევე მათი ინტერვენციისთვის და გარანტირებული ინტეგრაციისთვის სასწავლო პროცესში და მოსწავლეთა მშობლების ცნობიერების ამაღლება  ამ მიმართულებით.

“განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა სასწავლო პროცესის მიღმა  დარჩენილი ბავშვებისთვის საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში ხორციელდება სპეციალური საგანმანათლებლო სერვისის მიწოდება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიუსაფარ ბავშვთა (ე.წ. ,,ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვებისთვის’’) სერვისების ბენეფიციარებისთვის.  მიუსაფარ ბავშვთა ,,ტრანზიტული საგანმანათლებლო პროგრამის“ განხორციელება მათთვის გახდება ხიდი  ფორმალურ და არაფორმალურ განათლებას შორის. ყოველივე ეს შესაძლებელს გახდის  მათ სრულფასოვან ინტეგრაციას სკოლაში თანატოლებთან  და ასევე  სასწავლო პროცესში.

პროგრამის ,,განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა სასწავლო პროცესის მიღმა დარჩენილი ბავშვებისთვის საქართველოში“ მუშაობა მიმართულია ფორმალური განათლების მიღმა დარჩენილი ახალგაზრდების ხელმისაწვდომი და უწყვეტი განათლების უზრუნველყოფისკენ, ამ მიზნით მათთვის ,,განათლების მიღების მეორე შესაძლებლობის“ მოდელის შექმნისა და დანერგვის სამოქმედო გეგმის შემუშავებისკენ.