სიახლეები

ინიციატივა შშმ პირთა განათლებისა და დასაქმების ხელშეწყობისათვის

14 აპრილი, 2015

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ ინკლუზიური პროფესიული განათლების მეორე საერთაშორისო კონფერენცია: „შექმენი შესაძლებლობა“ გახსნა, სადაც მონაწილეებმა ადგილობრივი და საერთაშორისო ხედვის ანალიზის საფუძველზე, ხარისხიანი პროფესიული განათლებისა და დასაქმების თანაბარი შესაძლებლობის საკითხები განიხილეს. თამარ სანიკიძემ კონფერენციაზე პირველად გააჟღერა იმ ახალი სერვისის შესახებ, რომელიც სამინისტროს ინიციატივით, სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების დეპარტამენტთან ერთად მუშავდება და ღიაშრომის ბაზარზე შშმ პირთა მხარდამჭერი სერვისების პილოტირებას გულისხმობს.

საქართველოსა და უცხოეთის სხვა და სხვა უწყებების წარმომადგენლებმა კონფერენციაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ანგარიში მოისმინეს, თუ რა გაკეთდა უკანასკნელი წლების განმავლობაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა პროფესიულ განათლებაში აქტიური ჩართულობის კუთხით. ამავდროულად, კონფერენციაზე განისაზღვრა შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა დასაქმების მხარდამჭერი სტრატეგიები. 

პროფესიული განათლების სისტემის აქტიური რეფორმირება 2013 წლიდან, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ დაიწყო. რეფორმის ერთ-ერთ წარმატებულ ინიციატივას კი სწორედ პროფესიული განათლების სისტემაში ინკლუზიური განათლების დანერგვა წარმოადგენს, რაშიც ქართულ მხარეს ფინანსურ დახმარებას ნორვეგიის მთავრობა უწევს. 

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებათა კონვენციის რატიფიცირება საქართველომ 2013 წელს მოახდინა, ხოლო ინკლუზიური პროფესიული განათლების დანერგვით, ქვეყანამ კონვენციით დაკისრებული ვალდებულებების შესრულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობით, საქართველომ მოწყვლადი ჯგუფების (შშმ პირები, სოციალურად დაუცველები და ა.შ.) შესაბამისი კომპეტენციით აღჭურვა უზრუნველყო, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მათი დასაქმების შესაძლებლობას. საქართველოში არსებული ინკლუზიური საგანმანათლებლო სერვისების დეტალურად განხილვისას მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდა შშმ სტუდენტთა და მოსწავლეთა ჩართულობაზე. 

კონფერენციაში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სახალხო დამცველის ოფისის, სახელმწიფო უნივერსიტეტის, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების, მუნიციპალიტეტის, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, საჯარო სკოლების, შშმ პირთა ორგანიზაციების და უწყების და სხვა უწყების წარმოამადგენლები მონაწილეობდნენ. ხაზგასასმელია, რომ კონფერენციის ძირითადი მომხსენებლები კარდიფის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლასთან არსებული დასწავლის სირთულეების უელსის ცენტრის დირექტორის მოადგილე სტეფჰენ ბეიერი, მხარდაჭერითი დასაქმების ევროპული კავშირის დამფუძნებელი და მხარდაჭრითი დასაქმების მსოფლიო ასოციაციის საბჭოს წევრი კრისტი ლინჩი და საერთაშორისო კონსულტანტი დიდი ბრიტანეთიდან მაიკ ევანსი იყვნენ.

 

 
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
1516171819
20
21
22232425262728
2930