„საჯარო დიალოგი ინკლუზიურ განათლებაზე“ მორიგი შეხვედრა ამჯერად მარნეულში გამართა,
8 აპრილი, 2026
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა, პროექტის „საჯარო დიალოგი ინკლუზიურ განათლებაზე“ ფარგლებში მორიგი შეხვედრა მარნეულში გამართა, რომელსაც სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები და მოსწავლეთა მშობლები ესწრებოდნენ.
ბაია კვიციანის თქმით, მსგავსი ფორმატის შეხვედრები ინკლუზიური განათლების პოლიტიკის დაგეგმვის პროცესში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირების მნიშვნელოვან მექანიზმს წარმოადგენს, რაც თავის მხრივ თითოეული ბავშვის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული გარემოს უზრუნველყოფას შეუწყობს ხელს.
შეხვედრის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში, ყურადღება გამახვილდა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვთა განათლების საფეხურებს შორის ტრანზიციაზე, საგანმანათლებლო რესურსების ადაპტირებასა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა საჭიროებებზე.
ღონისძიების დასრულების შემდგომ ჩატარდა ფოკუს ჯგუფი, სადაც მონაწილეებმა მოსწავლეთა სპეციფიკური გამოწვევები გამოავლინეს და მათი დაძლევის გზები დასახეს.
პროექტის „საჯარო დიალოგი ინკლუზიურ განათლებაზე“ ფარგლებში მასწავლებლებთან, მშობლებთან და შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან შეხვედრები ქვეყნის მასშტაბით ყველა რეგიონში იმართება.
მარნეულში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ქვემო ქართლის რეგიონში ავთანდილ ჭრიკიშვილი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაური ისმაილოვი, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, ასევე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები.