სიახლეები

ინფრასტრუქტურული პროექტები პროფესიულ კოლეჯში „ახალი ტალღა“

27 აპრილი, 2016

პროფესიული განათლების რეფორმის ფარგლებში, შესაბამისი ინფრასტრუქტურული და აღჭურვითი სამუშაოები მიმდინარეობს ქობულეთის პროფესიულ კოლეჯში „ახალი ტალღა“. უკვე განხორციელებულ და მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი გაეცნენ.

კოლეჯში „ახალი ტალღა“ სარემონტო სამუშაოების პარალელურად, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტებისთვის გარემოს ადაპტირების პროცესიც მიმდინარეობს, რაც არსებული ფიზიკური გარემოს ყველასათვის ხელმისაწვდომობის პრინციპით მოწყობას ითვალისწინებს. უკვე ახალი სასწავლო წლიდან კოლეჯში სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიაც (ფაბლაბი) ამოქმედდება, ასევე განახლდება და გადაიარაღდება სახელოსნოები და სრულფასოვნად ამოქმედდება განახლებული მოდულური პროგრამები. 

პროფესიულ კოლეჯში „ახალი ტალღა“ ისეთი სპეციალობები ისწავლება, რაც მნიშვნელოვანია აჭარის რეგიონის ეკონომიკური განვითარებისთვის, კერძოდ - ტურიზმი, სარესტორნო საქმე, მშენებლობა, მძიმე გადაზიდვებისა და მძიმე სამშენებლო ტექნიკის (ავტოგრეიდერი, სატვირთველი და ჰიდრავლიკური ექსკავატორი) ოპერატორი, ამწის მემანქანე, თაბაშირმუყაოს სპეციალისტი, ელექტრიკოსი, სამაცივრო მოწყობილობების ტექნიკოსი და სხვ. 

სწავლის ხელმისაწვდომობის გაზრდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მთავარი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გამართული სასწავლო ინფრასტრუქტურა. ამიტომ, მთელი საქართველოს მასშტაბით, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეაბილიტაცია და უნივერსალური დიზაინით მოწყობის პროცესი.

ვიდეო მასალა:

 

აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
222324
25
262728
2930