სიახლეები

პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია გრძელდება

12 აპრილი, 2016

საქართველოს მასშტაბით პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს. რეგისტრაციის პროცესს დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში გაეცნო.

ცენტრში თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი, სხვადასხვა დარგის მაღალკვალიფიციური, კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადება ხორციელდება. კოლეჯში შემუშავებული ყველა საფეხურის პროფესიული პროგრამები და სხვადასხვა მოკლევადიანი სასერთიფიკატო ტერნინგ-კურსები, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ადამიანური რესურსი მორგებულია თანამედროვე ბიზნესის მოთხოვნებს და სტუდენტების მაღალი ხარისხის თეორიულ სწავლებასთან ერთად, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებას უზრუნველყოფს.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“ აგრძელებს ახალი პროექტების დანერგვას. ამის ერთ-ერთი მაგალითია კოლეჯში გახსნილი სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია, რომელიც კოლეჯის ნებისმიერ სტუდენტს აძლევს საშუალებას რეალობად აქციოს საკუთარი ინოვაციური იდეები და ამავდროულად, შეიძინოს ახალი ცოდნა მათი ბიზნეს პროექტებად ქცევის სახით. ამ მიზნით, კოლეჯი აქტიურად თანამშრომლობს კერძო სექტორთან.

ინოვაციების ლაბორატორიის გახსნას წინ უსწრებდა კოლეჯის ადმინისტრაციისა და პედაგოგთა გადამზადების პროცესი. რაც შეეხება აღჭურვილობას, იგი თანამედროვე და უნიკალურია: 3D პრინტერი, 3D სკანერი, პროგრამული ლაზერ-მჭრელი, ვაკუუმფორმირების მანქანა, სახატავი პლანშეტი და ა.შ..

ფაბლაბში შექმნილი ახალი ნამუშევრებისა და პროდუქტების პირველი ჩვენება წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს იგეგმება, რისთვისაც კოლეჯში მიმდინაროებს ინტენსიური მზადების პროცესი, რომელშიც პედაგოგები და სტუდენტები აქტიურად არიან ჩაბმულები.

ცენტრი 100%-იანი სახელმწიფო დაფინანსებით, ახორციელებს 20 პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას, რომლის კურსდამთავრებულზე გაიცემა სახელმწიფო დიპლომი:

• მოლარე (ბანკის და ა.შ.);

• მძიმე სამშენებლო ტექნიკის ოპერატორი;

• ძრავის შემკეთებელი;

• ავტომობილის შემკეთებელი ელექტრო-ტექნიკოსი;

• ავტომობილის დიაგნოსტიკოსი (II, III საფეხური);

• ინფორმაციული ტექნოლოგი;

• სამკერვალო ნაწარმის ხარისხის მართვის სპეციალისტი;

• სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტი;

• საკერავი მანქანების ოპერატორი;

• ინტერნეტტექნოლოგი (ვებსპეციალისტი);

• კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების ტექნიკოსი;

• ოფისის მენეჯერი (მდივან-რეფერენტი);

• ბუღალტერი (III, IV საფეხური);

• კომპიუტერული გრაფიკოსი;

• ტანსაცმლის მხატვრული კონსტრუირების სპეციალისტი;

• მცირე ბიზნესის მწარმოებელი;

• სავალი ნაწილის ტექნიკოსი;

• ტოპოგრაფი.

ასევე ხორციელდება 8 ახალი მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა:

• ბუღალტერი, (V საფეხური);

• ვებპროგრამისტი, (V საფეხური);

• ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერის სპეციალისტი, (III საფეხური);

• კომპიუტერული ქსელის ადმინისტრატორი, (V საფეხური);

• მოლარე, (III საფეხური);

• ბანკის მოლარე-ოპერატორი, (III საფეხური);

• საგამომცემლო საქმის ტექნიკური დიზაინერი, (III საფეხური);

• სამგანზომილებიანი გრაფიკის სპეციალისტი (გენერალისტი), (IV საფეხური).

ბოლო ერთი წლის განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა კოლეჯის კერძო სექტორთან თანამშრომლობის მაჩვენებელი, პრაქტიკის განხორციელებისთვის დადებულია 100-ზე მეტი მემორანდუმი კომუნიკაციების, მომსახურების, ბიზნესის, მშენებლობის, მრეწველობის, საზოგადოებრივი კვლევების სფეროში მოღვაწე კომპანიებთან, ყოველივე ამის პირდაპირპროპორციულად გაიზარდა კოლეჯის დასაქმებულ კურსდამთავრებულთა რაოდენობა სხვადსხვა მიმართულებით.

აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
222324
25
262728
2930